ლენტეხის საკრებულომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გათვალისწინებული პროექტები დაამტკიცა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების ნუსხა დაამტკიცეს. ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, სხდომის წევრებს დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, სოზარ ბენდელიანმა გააცნო და განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში, მცირე პროექტების დასაფინანსებლად ლენტეხში 604.000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში კრებები უკვე ჩატარდა და მოსახლეობამ სოფლისთვის საჭირო პროექტები შეარჩია. ძირითადად პრიორიტეტულ პროექტებად სასმელი წყლის სისტემის, შიდა – სასოფლო გზების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეპუტატებს, მერის წარმომადგენლებთან ერთად მიმართა თხოვნით, რომ მუდმივად აკონტროლონ პროექტების შესრულების ხარისხი, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და მოთხოვნა მაქსიმაურად იქნეს გათვალისწინებული.
დეტალური განხილვის შემდეგ სხდომის წევრებმა გეგმა – პროგრამები წარმოდგენილი სახით დაამტკიცეს-აცხადებენ მერიაში.