„სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ – პროექტის მეორე ფაზასთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შეხვედრა გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა შეხვედრა ‘’ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) წარმომადგენლობასთან გამართეს. ინფორმაციას მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ChildFund Deutschland-თან თანამშრომლობით პროექტს „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“ ფაზა II ანხორციელებს, რაც გერმანელი და ქართველი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგ-ვორკშოპებს სოციალურ მეწარმეობასა და ბიზნეს გეგმის შედგენა-განვითარების თემებს მოიცავს. აქტიობაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებიც სამიზნე რეგიონებში სწავლობენ და აღნიშნული სოციალური მეწარმეობით არიან დაინტერესებულნი. ამასთანავე , კურსის ბოლოს მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა საპროექტო განაცხადებები წარადგინოს და 1000 ლარამდე დაფინანსება იდეის განსახორციელებლად მიიღოს. ტრენინგ-ვორკშოპი დისტანციურად, უქმე დღეებში ჩატარდება, რათა მოსწავლეთა დასწრება საგაკვეთილო პროცესზე არ შეფერხდეს.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ არის მხარდაჭერილი.