რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 17-ვე ინფიცირებული ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 419 შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 17 დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი „რეგიონულ კვირასთან” აცხადებს, ბოლო 24 საათის მანძილზე ცაგერის მუნიციპალიტეტში 17 დადასტურებული შემთხვევაა, რაც მისი თქმით, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მაღალი მაჩვენებელია.
„ დაინფიცირებულთა შორის მხოლოდ სამი იმყოფებოდა იზოლაციაში, დანარჩენი 14 კი სრულიად ახალი შემთხვევაა. შემთხვევები ძირითადად სავაჭრო ჯიხურების მომსახურე პირებს უკავშირდება. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები: დაინფიცირებულთა რაოდენობა ლეჩხუმში ძალიან მზარდია და საჭიროა მკაცრად დაიცვან რეგულაციები, იარონ პირბადით, დაიცვან დისტანცია, თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისაგან“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, აჭარა – 26, შიდა ქართლი – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17, გურია – 16, მცხეთა-მთიანეთი – 13, კახეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 4.