გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ
გეგმური ტესტირებისას, გორის მე-11 საბავშვო ბაღის მზარეულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან ფუნქციონირებას წყვეტს და საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები 12 დღით თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის მე-2 საჯარო სკოლაშიც. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
,,ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლაა გადასული სრულად დისტანციურ რეჟიმზე – კირბალის და კარალეთის მე-2 სკოლა, აღნიშნულის გარდა, რამდენიმე სკოლაში ცალკეული კლასებია გადაყვანილი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე”, – აღნიშნა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტების გამო, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებში, გუშინ კიდევ სამი სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.