ამ ეტაპზე, შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება-ლეჩხუმში გეოლოგები მუშაობენ
ცაგერში მეწყრული პროცესების მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე, საავტომობილო გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა. ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა. უწყების ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი კვლევების მიხედვით, ცაგერში ძველი მასშტაბური მეწყერი გააქტიურდა. ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ადგილზე ეცნობიან.