ქუთაისის მერიასა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის მერიასა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის” ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, შერვაშიძის ქუჩა#53 აშენდება ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინვენტარით.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ლდს-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ.
„აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან. უბანში, სადაც აქამდე საერთოდ არ გვქონდა საბავშვო ბაგა-ბაღი, ახალი, თანამედროვე შენობა აშენდება, სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.
მადლობა მინდა ვუთხრა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია ქუთაისი ამ პროექტის განსახორციელებლად და ლტოლვილთა დანიის საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოებს.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდება.