ისრაელის ელჩი საქართველოში ონს ესტუმრა – “ჩემი ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ წარსულს”

ონის მუნიციპალიტეტში ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი იმყოფებოდა. ელჩმა ვიზიტის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის რწმუნებულთან
პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძესთან ერთად ქალაქის სკვერში ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართული ჰოლოკლოსტი, სინაგოგა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ებრაელთა სასაფლაო მოინახულა.

როგორც სახელმწიფო სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, ონელებსა და ებრაელებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს და ბუნებრივია რან გიდორს აინტერესებდა ის ადგილი, საიდანაც ისრაელში წავიდა თემი და ის ადამიანები, ვისთან ერთად ცხოვრობდნენ ისინი.

„რადგან ლეჩხუმში, ლაილაშში ებრაელები ცხოვრობდნენ, გადავწყვიტეთ ხვალ ცაგერის მუნიციპალიტეტი მოვინახულოთ. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ბედნიერი წლები, როცა ჩვენს ლამაზ ქალაქს ახმაურებდა ებრაული ჯამაათი“,-განაცხადა ირმა მაქარაშვილმა.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე აღნიშნავს, ონში ათასობით ქართველს და ებრაელს გაუვლია საუკუნეები ძმობითა და მეგობრობით, ამიტომ ელჩის ვიზიტი გამორჩეულია ამ მხრივ.

“ვიზიტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი გაცნობითი ხასიათისაა, მაგრამ იმავდროულად მეორე ნაწილში ჩვენ ბუნებრივია ვისაუბრებთ საქართველო-ისრაელის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გეგმებზე“,-განაცხადა ონის მერმა.

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ მისთვის ეს ემოციური ვიზიტია მხარეში, ქართველი მეგობრები ისრაელში ბევრს უყვებოდნენ ონზე.

“დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე აქ ჩამოსვლა. ვნახე სინაგოგა, რომელიც არა მარტო საქართველოშია ცნობილი, არამედ მთელს მსოფლიოში. ჩემი ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ წარსულს, არამედ ასევე ის უკავშირდება მომავალსაც, რადგან შევისწავლოთ მისი პოტენციალი და თანამშრომლობების შესაძლებლობები“, – განაცხადა ელჩმა.

რან გიდორს სინაგოგაში ონში საცხოვრებლად დარჩენილმა ებრაელმა ქალმა სულიკო შიმშილაშვილმაც უმასპინძლა, ამბობს, რომ ის დილიდან მოუთმენლად ემზადებოდა ელჩთან შესახვედრად.

“ელჩმა დამლოცა, მე მას დამდეგი ფესახი მივულოცე. ჩემს სახლში ყოველ დილით ვლოცულობ, მაქვს წიგნები ქართული სიტყვებით“, ამბობს რაჭველი ებრაელი სულიკო შიმშილაშვილი.

24 მარტს კი ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები