ახალციხეში გარემოსდაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო მასალები დარიგდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფებში, გარემოსდაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო მასალები დარიგდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მერიის ინფორმაციით, აღსაზრდელები საინფორმაციო მასალებში ბიომრავალფეროვნების, ტყისა და მწვანე საფარის დაცვის, გარემოს დასუფთავების აუცილებლობის, დაბინძურებისაგან გამოწვეული საფრთხეების ასევე ნარჩენების დახარისხების შესახებ ინფორმაციებს გაეცნობიან.
მათი განმარტებით, საინფორმაციო სახის ბროშურები და პოსტერები საბავშვო ბაღებს, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა გადასცეს.
“თავის მხრივ, პატარებმა სტუმრებს, გარემოს დასუფთავებისა და ნარჩენების დახარისხების შესახებ, ბაღში უკვე მიღებული ცოდნა სახალისო ფორმით გაუზიარეს.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების ხუთ წლიანი გეგმის ფარგლებში, ბაღების აღსაზრდელებისათვის სახალისო მასალები შემუშავდა და დაიბეჭდა. ნარჩენების მართვის საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით გამოიცა”,-წერია განცხადებაში.