“ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას” – მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნად აქცია იმართება
მარნეულში ეთნიკირად აზერბაიჯანელი მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნად გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოიხსნა.
ადგილობრივებს თბილისიდან საქმოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა სამირა ბაირამოვამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ისინი დაუმორჩილებლობას აცხადებენ და აპირებენ დღესასწაული სრულფასოვნად აღნიშნონ.
“ჩვენ, როგორც აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა სახელმწიფოს მივმართეთ, რომ 21 მარტს გაუქმებულიყო კომენდანტის საათი, რათა ჩვენ სრულყოფილად აღგვენიშნა ნოვრუზ ბაირამი. სამწუხაროდ, მთავრობამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან შეურაცხყოფაც მოგვაყენა და ჩვენი განცხადება გადაამისამართა რელიგიურ სააგენტოში, არადა ჩვენს განცხადებას ამასთან არანაირი კავშირი ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა უკვე შემცირებული არის, ამიტომ მარტო მარნეულში კი არა, მთელს საქართველოში კომენდანტის საათის გაუქმებას მოვითხოვთ. რადგან ის არის დისკრიმინაციული. ჩვენ შემოგვიერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც სოლიდარობას გვიცხადებენ. ისინი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ.
ველოდებით კომენდანტის საათს, 9-ზე დაიწყება ჩვენი პერფორმანსი. ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას ამ დისკრიმინაციულ კანონს”, – განაცხადა სამირა ბაირამოვამ.
შეგახსენებთ, 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.