100 წელი გავიდა გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით ბათუმის განთავისუფლებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით, გმირთა საფლავებთან ბათუმში ჩოხოსნები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. დეკანოზმა სერგი რუხაძემ გმირთა საფლავებზე პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს არმიის გენერალი, გიორგი მაზნიაშვილი კი, ქალაქის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში თურქეთის არმიის წინააღმდეგ ჩაერთო. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ბათუმის განმათავისუფლებელ ბრძოლებში ქალაქის დასაცავად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეები და მებრძოლები ჩამოვიდნენ.
ქალაქის დამცველთა ბრძოლა ბათუმის ქუჩებსა და სტრატეგიულ შენობებთან სამი დღე გაგრძელდა და გამარჯვებით დასრულდა. დაიღუპა 84 ადამიანი. მათი ნაწილი ბათუმში, 23 მარტს დღევანდელ გმირთა მოედანზე პატივით დაკრძალეს.