ამბროლაურმა YAR-ის მეორე გენერალურს ასამბლეას უმასპინძლა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში YAR-ის მეორე გენერალური ასამბლეა გაიმართა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა, მდგრადი ახალგაზრდული პლათფორმების დაარსებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით”, შედეგები შეაჯამეს. პროექტის დეტალები, განმახორციელებელი ორგანიზაციების – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრისა და “პი ემ სი” კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
რაჭველმა ახალგაზრდებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებულ სიახლეებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს შეეხო.
„მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებასა და ახალგაზრდა თაობის მეტად ჩართულობას მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებში“,-აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის-ახალგაზრდული ასამბლეა პროექტის ფარგლებში 2020 წლის დეკემბერში (YAR) ჩამოყალიბდა, რომელიც 51 მოხალისეს აერთიანებს.
შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.