ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადზე ახალგაზრდებმა წარწერები გააკეთეს. ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს და თან ფოტოებსაც ურთავს, სადაც სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრებია. როგორც ჩანს, თეატრი არასრულწლოვნებმა მოხატეს.
“მთელი დღეა ვაჭიანურებ ამ ფოტოების გამოქვეყნებას. დღეს ისევ გვატკინეს გული. ბავშვებო, რა დაგემართათ? ნუთუ, თქვენ არ გიხარიათ ოზურგეთის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობის გალამაზება, მორთვა, კომფორტულად მოწყობა? ჯერ იყო და ქართული თეატრის დღეს „მოგვიხატეს“ თქვენმა თანატოლებმა თეატრის ქათქათა სვეტები…
ახლა შენობის საზეიმო გახსნისათვის მზადებაა და… ასე გამოხატავთ სიყვარულს? თუ კი რამ კარგია გარშემო, ის უნდა გააფუჭო? არ ვავრცელებ ამ პოსტს ზოგადად, ოზურგეთელ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალზე. გვახარებს მათი წარმატება… თქვენც ხომ მათ გვერდით იზრდებით”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 153-ე სეზონის და თეატრის შენობის საზეიმო გახსნისათვის ემზადება. თეატრის სრული რეაბილიტაცია შარშან დასრულდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, მისი გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.