გუდაურში მაშველებმა ზვავში მოყოლილი ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გუდაურში, ზვავში მოყოლილი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს საძიებო სამუშაოები სამსახურის კინოლოგებთან ერთად. პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები. სამუშაოების შედეგად ნაპოვნია და თოვლიდან ამოყვანილია მოქალაქის ცხედარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში