“დათა პაპა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმბოლოა”

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ხურვალეთში საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დათა პაპა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმბოლოა.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუერთდები ჩვენი საზოგადოების თანაგრძნობას დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. დათა პაპა არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაციის და მის უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებთან ბრძოლის სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის გასწვივ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, მისი სახლი აღმოჩნდა საოკუპაცო ხაზის მიღმა, დათა ვანიშვილს არასდროს შეუწყვეტია ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ შეგუებია მას და მიუხედავად ურთულეს პირობებში ცხოვრებისა, არ დაუტოვებია საკუთარი სახლი.
დათა ვანიშვილი განასახიერებს იმ უმძიმეს ხვედრს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე განიცდის და იზიარებს მრავალი ადამიანი როგორც ცხინვალის რეგიონებში, ასევე აფხაზეთსა და გამყოფი ხაზების სიახლოვეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური პოლიტიკის გამოვლინებაა.
სწორედ უკანონო ოკუპაციის შედეგია, რომ დღემდე, სისტემატურად და უხეშად ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მრავალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, როგორც არის ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და თავისუფალი გადაადგილება, რაც იწვევს ოჯახების გაყოფას. საკუთრებაზე, მათ მიწაზე და სახლებზე წვდომის დაკარგვას.
ამ დესტრუქციულ პოლიტიკასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევას, ყველა შესაძლო რესურსის და მექანიზმის გამოყენებით. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ასევე ენიჭება საერთაშორისო პარტიორების გაძლიერებულ ძალისხმევას და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა მან შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე მცხოვრები ადამიანების ურთულეს ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფას. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დათა ვანიშვილის ოჯახს და ახლობლეს”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები