იაპონიის ელჩი საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს თემაზე: – “იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები” საჯარო ლექცია წაუკითხა. ელჩმა ასევე დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი.
მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.