“ყველაფერი დაყოვნების ოთახში მოხდა, პირველადი დახმარება დროულად ჩაუტარდა” – კლინიკა “იმედის” დირექტორი

ახალციხის კლინიკა “იმედის” დირექტორმა 28 წლის ექთანთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანს მალე დაეწყო უკუჩვენებების გამოვლინება.

“გუშინ რამდენიმე მედპერსონალს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მეგი ბაქრაძე იყო მეათე პირი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა. სხვებსაც მოუწოდა, რომ აცრილიყვნენ, თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ უცებ განუვითარდა გვერდითი მოვლენა. ეს ყველაფერი ხდებოდა დაყოვნების ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ რეანიმატოლოგიც და გადაუდებელი ღონისძიებები დაიწყო მომენტალურად. იმ წამსვე მოხდა რეაგირება, რა დროსაც მას გვერდითი მოვლენების გამომჟღავნება დაიწყო. შემდგომ გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში და 3-4 საათში უკვე გადაყვანილი იქნა თბილისში”,-განაცხადა კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელმა, გიორგი ბარძიმაძემ.

მისი განმარტებით, კლინიკაში გუშინ მივიდა რეგულირების სააგენტოც და შეისწავლის მომხდარს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც 18 მარტს კორონავირუსის ვაქცინა ჩაიტარა და „ასტრაზენეკათი“ აიცრა, გვერდითი მოვლენა – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის შემდეგ დასტაბილურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები