იაპონიის ელჩის რეზიდენციაში კახეთში დაგეგმილი 3 პროექტი დამტკიცდა

დღეს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, კახეთის რეგიონში განსახორციელებელი, სამი პროექტის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ – იაპონიის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშილი, თუშეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ზურაბ ბაბულაიძე, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კახეთის რეგიონში განსახორციელებელი პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში (GGP) და გულისხმობს ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.
ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული  პროექტებია:
1. თუშეთში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის შექმნა;
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის მეორადი სახანძრო მანქანის შეძენა.
ღონისძიების დასასრულს, ქართულმა მხარემ იაპონიის ელჩს მეცხვარის ნაბადი და თუშური ტრადიციული ორნამენტებით შესრულებული ხურჯინი გადასცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები