ვაქცინაცია ფოთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში დაიწყო
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც მიმდინარეობს. დღეიდან ვაქცინაცია, ფოთში, სენაკის, წალენჯიხის, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყო.
სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ამბულატორიულ ცენტრებსა და კლინიკაში „ევექსის“ ფილიალებში შეუძლიათ. დღეს აცრა სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების ცენტრში ამავე დაწესებულების ხელმძღვანელმა მურმან ბოჯგუამ გაიკეთა.
მედიკოსი კოლეგებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ვირუსი საბოლოოდ დამარცხდეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინის 3 100 დოზა შეიტანეს. ვაქცინა გადანაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტში.
ბოლო მონაცემებით, სპეციალურ პორტალზე რეგიონის მასშტაბით დარეგისტრირებულია 100-მდე მედიკოსი. ხვალ, ვაქცინაციააი ჩაერთვებიან ჩხოროწყუს, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტები.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაცია 15 მარტს ზუგდიდიდან დაიწყო.