საგამოძიებო სამსახურმა მცხეთაში მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი ამხილეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი. ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახელზე დაარეგისტრირეს.
“ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36 000 ლარს. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დასაბრუნებლად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.