განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებული ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.