სამცხე-ჯავახეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აცრა დაიწყო, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს ვაქცინის გაკეთება ახალციხის კლინიკა „იმედში” შეუძლიათ.
ვაქცინაციის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილესთან დავით ლომიძესთან, ახალციხის მერთან ზაზა მელიქიძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1400 დოზა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული და ვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
შეგახსენებთ, რომ აცრა ნებაყოფლობითია.