შატილის სკოლა-პანსიონის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომი შენობის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან და სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის შენობაში ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
მათივე ცნობით, ხანძარი სასადილოს შენობაში დღეს დილით გაჩნდა და იყო სკოლის ძირითად შენობაზე გავრცელების საფრთხე. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის შედეგად სკოლის ძირითადი შენობის გადარჩენა მოხერხდა.
სკოლაში 5 მოსწავლე სწავლობს, აქედან პანსიონით სარგებლობს ორი. სკოლის 11 მასწავლებლიდან ნაწილი სასწავლო პროცესში დისტანციურად არის ჩართული.
ცნობისთვის, შატილის სკოლა-პანსიონის შენობას სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში ჩაუტარდა, თუმცა იმავე წლის ოქტომბერში მთლიანად დაიწვა.
20 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა სოფელ შატილში მალევე დაიწყო და 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. დაფინანსების წყარო მთის განვითარების ფონდია.