ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი  – ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატოში. პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის – ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები