აჭარამ Astrazeneca-ს 3 980 დოზა ვაქცინა მიიღო. იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი აიცრება. რეგიონში იმუშავებს ცხრა ამცრელი პუნქტი. სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი გადამზადება გაიარა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მედიკოსებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„რეგიონისთვის გასაზღვრული დოზა, 4000-მდე ვაქცინა, მივიღეთ. რეგიონი სრულ მზადყოფნაშია, მობილიზებულია ცხრა ამცრელი დაწესებულება, მათ შორის ოთხი არის ბათუმში, ხოლო ხუთი აჭარის მუნიციპალიტეტებში. ამცრელი ჯგუფები დაკომპლექტებულია და მათ რამდენიმე ტრენინგი გაიარეს. პირველ ეტაპზე მოვიცავთ მაღალ რისკ – ეს არის ძირითადად კოვიდსამედიცინო დაწესეულებებში, ემერჯენსებსა და რეანიმაციაში დასაქმებული პერსონალი. რეგისტრაცია დაწყებულია და აქტივობაც მაღალია“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
ვაქცინა საპატრულო პოლიციის დახმარებით მიიღეს და დაასაწყობეს.
ცნობისთვის, საქართველომ დღეს AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო და დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სპეციალურ მაცივრებში დააბინავა.