„ლაშქრობა ამბასადორთან“ – ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს
„ლაშქრობა ამბასადორთან“ – ბათუმში სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.
მათი თქმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.
„ამბასადორი“ ბულვარში სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. მშენებლობაზე თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ბათომმა“ და „იემსისმა“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს.
„აქ არიან ადამიანები, რომლებიც წლებია იბრძვიან ბულვარის გადასარჩენად. ასევე აქ არიან ახალგაზრდა მუსიკოსები რომლებიც თავიანთი შემოქმედებით გააპროტესტებენ ამბასადორის უკანონო მშენებლობას. აქვე ხედავთ კარვებს, ველოსიპედებს, გორგოლაჭებს. აქ არიან ბავშვები – ეს არის თითოეული ჩვენგანის სივრცე და ეს უნდა ეთმობოდესკულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ აქტივობებს. აქ როცა ვეპატიჟებით სტუმრებს რას ვახვედრებთ? ვახვედრებთ ბეტონის ჯუნგლებს. ჩვენ არ დავთმობთ ამ სივრცეს. 17-ში სამინისტროში არის ზეპირი მოსმენა „ამბასადორის“ საქმეზე. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არ დავთმობთ ბულვარს და ის არ იყიდება. შეაჩერეთ მშენებლობა ესაა ჩვენი მოთხოვნა“, – აცხადებენ აქციაზე.