რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლენილი 4 კოვიდინფიცირებულიდან 3 ახალ კლასტერს უკავშირდება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა, ახალი ოთხი შემთხვევა კი ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
„ოთხიდან ერთი პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სამი კი სრულიად ახალი შემთხვევაა. ბოლო ორ კვირაში ლეჩხუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, ამიტომ მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ აუცილებელია უფრო გულმოდგინედ იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც დაინფიცირების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო – ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია”, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 344-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 274.721-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
“დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 16, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.”,- ნათქვამია განცხადებაში.