GWP-ს გენდირექტორის განმარტებით, რუსთავში ქსელზე მომხდარ ორ დაზიანებაზე სპეციალისტებმა სწრაფად დაიწყეს მუშაობა, თუმცა მასშტაბურობის გამო დიდი დრო დასჭირდა
რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში ბოლო პერიოდში შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, რუსთავის მუნიციპალიტეტში “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის” (GWP) წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრით გამოეხმაურნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრას რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის” (GWP) გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია და “რუსთავის წყალის” სერვის ცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანელიძე დაესწრნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყლის მიწოდების შეწყვეტა გასული კვირის განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელში მომხდარმა დაზიანებამ და შესაბამისმა სარემონტო სამუშაოებმა განაპირობა. შეხვედრაზე, წყლის ხარისხის მონიტორინგზეც ისაუბრეს. როგორც ,,რუსთავის წყალის’’ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რუსთავს მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება, რომლის მონიტორინგიც ISO სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიით სისტემატიურად ხორციელდება. ქალაქის მერის და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, წყლის ხარისხის მონიტორინგი მათი უშუალო ჩართულობითაც მოხდება.
“ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსთავში სასმელი წყლის გათიშვა რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან იყო უკმაყოფილება. მათ შორის მეც მომმართავდნენ როგორც მაჟორიტარს. ჩვენ რუსთავის მერთან ერთად შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელებს და უშუალოდ მათგან მოვისმინეთ, თუ რა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ექნება თუ არა მსგავს შეფერხებებს მომალშიც ადგილი და რა უნდა გაკეთდეს, რომ მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ მივიღეთ საკმაოდ შთამბეჭდავი ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად შემცირდა ავარიული სიტუაციები წყალმომარაგების ქსელზე, ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად. რა თქმა უნდა, რჩება პრობლემები და მათი მხრიდან არის დაპირება, რომ ცენტრალურ წყალსადენზე, სადაც ბოლო პერიოდში ხშირად ხდებოდა დაზიანება, დაიწყება საპროექტო სამუშაოები. როგორც მაჟორიტარს მქონდა კითხვები წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. სულ მალე ვაპირებთ გასვლით შეხვედრას და ადგილზე ნახვას, რა ხარისხის წყალი მოიწოდება რუსთავს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგრც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი შედგა ,,რუსთავის წყლის“ ხელმძღვანელობასთან.
“რუსთავი მზარდი ქალაქია, აქედან გამომდინარე, დამატებითი მოთხოვნებია გაჩენილი. გარდა ძველი ქსელის რეაბილიტაციისა, დააახლოებით ორმოცდაათ კილომეტრზე ახალი ქსელის დაერთებები განახორციელა კომპანიამ ქალქში. წყლის მოხმარება გაზრდილია და ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ტარდება დამატებითი სამუშაოებიც. მოხდა სამწლიან გეგმაში ცვლილებების შეტანა, რომ მომავალში პრობლემები აღარ შეიქმნას. რაც შეეხება იმ ლოკალურ უბნებს, სადაც ხშირია ავარიები, წარმოდგენილი იქნება გეგმა და შემუშავდება პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ალტერნატივას, რომ წყალმომარაგების 24 საათიანი შეზღუდვა აღარ მოხდეს ქალაქში“, – თქვა ირაკლი ტაბღუამ.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კომპანია “რუსთავის წყალი’’ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქალაქში.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსთავს მაღალი ხარისხის წყალი მიეწოდება, რომელიც მოდის ხრამის სათავე ნაგებობებიდან. ყოველწუთიერ მონიტორინგს ვატარებთ 24 საათის განმავლობაში თვითონ ქალაქში, გამანაწილებელ ქსელზე 64 წერტილში და ასევე, სათაო ნაგებობაზეც. ბოლო სამ წელში, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ქსელის თხუთმეტი პროცენტი შეიცვალა და განახლდა, რითაც გამესამედდა ავარიების რაოდენობა. რაც შეეხება ორი კვირის განმავლობაში მომხდარ ორ დაზიანებას, კომპანია მაქსიმალურად სწრაფად მუშაობდა, მაგრამ თავად ამ ქსელის დაცლას, შემდგომ მის შევსებას და რეაბილიტაციას, საკმაო დრო სჭირდება. კომპანია იწყებს მუშაობას და ეს შეთანხმებულია სემეკთან. ჩვენ გვინდა მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ იმ მონაკვეთების რეაბილიტაციასაც, სადაც შეიძლება მილი არაა დაზიანებული, მაგრამ მომატებულია საფრთხის რისკი და დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების წარმოებაა საჭირო. ძალიან დიდი მადლობა მერს და მაჟორიტარ დეპუტატს, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ მაქსიმალურად ერთობლივად დავგეგმოთ ქსელების რეაბილიტაცია. უნდა მოხდეს ქალაქის ინტერესების გათვალისწინება როგორც საგზაო თვალსაზრისით, ისე მუდმივი, სტაბილური წყალმომარაგების თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა ირაკლი ბაბუხადიამ