იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის მერია მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მათ მიერ შერჩეულ საგნებში საგანმანათლებლო კურსებს დაუფინანსებს

ქუთაისის მერიის ინიციატივით კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით, იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მერია მათ მიერ შერჩეულ საგნებში საგანმანათლებლო კურსებს დაუფინანსებს,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში მონაწილე ხუთი ლიცენზირებული კერძო სკოლის ხელმძღვანელებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

„ქუთაისი არის განათლების ქალაქი, დიდი ტრადიციებით-დაწყებული გელათის აკადემიიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ განათლება პრიორიტეტად გვაქვს არჩეული და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება კარგი პირობები შევუქმნათ მომავალ თაობებს განათლების მისაღებად. სოციალურად დაუცველი ოჯახების აბიტურიენტების საგამოცდო საგნებში მომზადების დაფინასებაც სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ. შევხვდით თავად ბავშვებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და ერთობლივად ავარჩიეთ პროექტის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი. პროექტში მონაწილე მეთორმეტე კლასელები უკვე ესწრებიან მეცადინეობებს მათ მიერვე არჩეულ სასკოლო საგნებში. მჯერა, რომ ეს ახალგაზრდები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნულ პროექტს კი, ჩვენ მომავალ წელსაც გავაგრძელებთ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პროექტში ჩართულები არიან “ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“, სასწავლო ცენტი „მერმისი“, შპს #1 სკოლა და „ინტელექტი“ მონაწილეობენ.

ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები