მაშველები გომის მთაზე ჩარჩენილების გადარჩენას, უამინდობის გამო, ვერტმფრენის და ავტომანქანის გარეშე ცდილობენ
გომის მთაზე სამაშველო ოპერაციაში, სადაც ერთი ადამიანი გაიყინა, უამინდობის გამო ვერტმფრენის ჩართვა ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.
,,მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.
სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას,”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.