ირაკლი ღარიბაშვილი: ბრიუსელში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი და რეფორმები, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ
ბრიუსელში ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ჩავიტანოთ ის პროგრესი და რეფორმები, რომელსაც ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურად განაცხადის შეტანამდე ერთიანი ძალით მუშაობაა საჭირო.
„ჩვენი განაცხადი არის ამბიციური, რომ ქვეყანამ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურად განაცხადი შეიტანოს. მანამდე გვმართებს მობილიზებული, ერთიანი ძალით მუშაობა, აქედან გამომდინარე, ეს პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მართული და ჩვენ ყველას ერთად ძალიან დიდი ძალისხმევა გვმართებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.