ამბროლაურში „კარიტასის“ მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები ჩეხეთის მისიის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს
ამბროლაურის მუნიციპლიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პოლიშოვა, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ.ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. შეხვედრის ძირითად მიზანს იმ პროექტების განხილვა და შეფასება წარმოადგენდა, რომლებსაც ,,კარიტასი” რაჭაში ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტი, „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება”, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელდა. პროექტი ორ კომპონენტს მოწყვლადი ფენების დახმარება სასოფლო–სამეურნეო საქონლით (ნერგები და შინაური ფრინველები) და მცირე და საშუალო ბიზნესის საგრანტო მხარდაჭერა გულისხმობდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებზე ისაუბრეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიას, ამბროლაურში განხორციელებული პროექტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის აქტივობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერასა და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერი იქნება და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება”, – განაცხადა ზვიად მხეიძემ.