გურჯაანში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რა დროსაც 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა, დაკავებულ მამას, ზურაბ შავლიაშვილს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე, დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
თავად ბრალდებულს პროცესზე სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო ორგანო ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავება.
შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანში, 9 მარტს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს შავლიაშვილმა მეუღლეს ლითონის ანთებული ღუმელი იმ დროს ესროლა, როცა ქალს ხელში ბავშვი ეჭირა, რის შედეგადაც11 თვის ჩვილი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.