ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული კოლეჯის მშენებლობა დაიწყო

ბორჯომში საერთაშორისო სტანდარტების პროფესიული კოლეჯი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით ფარცვანია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

“პროექტის მიხედვით, შენობაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. კოლეჯი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
კოლეჯში დაინერგება მოკლევადიანი და მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებაზე, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროგრამებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო პროფესიებზე”,-წერია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა თანხვედრაში იყოს ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან.

ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები