ქუთაისში აქციის მონაწილე მოვაჭრეებს მერი შეხვდა
ქუთაისის მერიასთან ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს. მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი ათი ლარით გაზარდა და იძულებილი გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.
მოვაჭრეების თქმით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და მერიას ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას თხოვენ.
მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გააგრძელებას აანონსებენ.
ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა. მოვაჭრეებმა მუშაობაზე უარი თქვეს.
მოვაჭრეებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა. მოვაჭრეების თქმით, მერმა უთხრა, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და ის უშუალოდ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა პრობლემასთან დაკავშირებით დაელაპარაკება ადმინისტრაციას. მოვაჭრეები გადაწყვეტილებას ხვალამდე ელოდებიან, უარის შემთხვევაში პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.