ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრები 12 მარტს დასრულდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში ელიაწმინდაში, ჭვინთასა და ანში. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები”,-წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები და კონსულტაციები 22 თებერვალს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.