მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ადამიანი თბილისში გადაიყვანეს, ხუთი ზუგდიდის კლინიკიდან გაეწერა
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, „ტვ პირველი“-ს ჟურნალისტს პაპუნა შუშანიას, კოჭის ძვლის მოტეხილობა აქვს. თუმცა ის საკუთარი სურვილით ბინაზე გაეწერა და სახლში განაგრძობს მკურნალობას. დაშავებულებს შორისაა „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში და აქვს თავის ტვინის შერყევა.
მარტვილში დაპირისპირებისას დაშავდა “რუსთავი 2-ის” ოპერატორი დავით კონჯარია, რომელსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი. ფორმულას ოპერატორმა იაგო ვეკუამ მიიღო ტვინის შერყევა, ხოლო “მთავარი არხი”-ს ოპერატორმა ზვიად აბლოთიამ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაბეჟილობა. დაშავებულები სახლში განაგრძობენ მკურნალობას.
სულ ექვსი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. პაციენტებმა გამოკვლევების საფუძველზე დატოვეს საავადმყოფო.
ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.