ლევან დავითაშვილი ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე: ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ
ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა დამსწრეების ყველა შეკითხვას უპასუხეს.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების თქმით, ეტაპობრივად მსგავს ფორმატში ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდებიან და დეტალურად უოასუხებენ ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს.
მათივე განმარტებით, ჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მაქსიმალური შედეგის მისაღებად გვექნება ჩვენი მაქსიმალური ჩართულობა და საზოგადოების ჩართულობაც – ეს არის, რაზეც მოსახლეობას დღეს ვესაუბრეთ და ამ საუბრებს გავაგრძელებთ მომავალშიც. ვფიქრობ, ხალხმა მიიღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც მათ აინტერესებდათ: ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე, თუ რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა ტიპის გარემოს ზემოქმედების კუთხით რისკებს ატარებდა პროექტი და ამაზე ისაუბრეს, მე ვფიქრობ, წამყვანმა ექსპეტებმა და ამავე დროს მივაწოდეთ ინფორმაცია, რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მინისტრები შეხვედრის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ, სადაც 132 დღეა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კარავში ღამეებს ათენებენ.