სოხუმში ბჟანიას ყოფილი ე.წ. თანაშემწე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში, ახრა ავიძბა გვიან ღამით, საკუთარ სახლში დააკავეს.
მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ავიძბას დაკავების მიზეზზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თუმცა, როგორც ე.წ. უწყებასთან შეკრებილმა ავიძბას მომხრეებმა თქვეს, მისი დაკავება, სავარაუდოდ უკავშირდება იმას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახრა ავიძბას დაყვებიან დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკიდან უკანონოდ შეიარაღებული პირები.
მათივე ინფორმაციით, ავიძბას თანხმლები ეს პირებიც დააკავეს.
შეკრებილები დაშლას ავიძბას გათავისუფლებამდე არ აპირებენ.
ცნობისთვის, 29 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ახრა ავიძბა ძებნაში გამოაცხადა. განმარტებაში აღინიშნებოდა, რომ ის “ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და სამხედრო ტყვეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობაში. კონტრდაზვერვამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ რუსეთის მოქალაქემ, 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნით ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას “ინტერნაციონალური რაზმი “პიატნაშკა. ავიძბა, იგივე “აფხაზი”, უშუალოდ მონაწილეობდა დონეცკის ტერიტორიაზე უკრაინის ძალოვანების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში, ასევე ის არაადამიანურად ეპყრობოდა და აწამებდა ტყვედ აყვანილ უკრაინელ სამხედროებს, და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებით იყო დაკავებული”.
თუმცა, უცნობია, შეიძლება უკავშირდებოდეს თუ არა სოხუმში ავიძბას აყვანა აღნიშნულ ფაქტს.
რაც შეეხება, თავად ახრა ავიძბას, ის 1986 წლის 27 იანვარს, სოჭში დაიბადა, ოკუპირებულ აფხაზეთში საცხოვრებლად 2011 წელს გადავიდა.
2014 წელს ის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში მოხალისედ ჩავიდა და ინტერნაციონალურ ბატალიონს ხელმძღვანელობდა. 2015 წლის თებერვალში, მან თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის გმირის ჯილდო მიიღო.
2017 წელს ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ საკრებულოში (ე.წ.პარლამენტი) დამოუკიდებელ დეპუტატად, სოხუმის ოლქიდან იყრიდა კენჭს, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.
ახრა ავიძბა 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის ცენტრში, კაფე სან-რემოსთან დაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდის ალხას ავიძბას ნათესავია. 2 დეკემბერს, ავიძბას ნათესავებმა ე.წ. შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. იმავე დღის ბოლოს, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრი და ე.წ. გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნა.
2020 წლის ივნისში ის ასლან ბჟანიას ე.წ. საერთაშორისო კავშირების საკითხებში თანაშემწედ დაინიშნა, თუმცა იმავე წლის ნოემბერში ე.წ. თანამდებობა დატოვა.