ლენტეხელი ქალი, რომელიც ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და სვანურ ქუდებს დაზგის გარეშე ამზადებს
ლენტეხელი მზევინარ ლიპარტელიანისთვის სვანური ქუდების ქსოვა ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა, „რეგიონულ კვირასთან“ იმ წლებს იხსენებს, როცა ლენტეხში ქუდების ქსოვის არც თუ პატარა საწარმო მუშაობდა. „დედა და ბებია ამ წარმოებაში მუშაობდნენ, მერე სახლში მე და ჩემი ორი და მათ მუშაობაში ვეხმარებოდით ხოლმე და ამასობაში ჩვენც ვისწავლეთ, ძალიან მინდა ვინმემ ჩემგანაც აიღოს ტრადიცია, ლენტეხში ორი-სამი ქალიღა შემოვრჩით, ვინც ქუდებს ვქსოვთ“,-ამბობს მზევინარი.
ტექნოლოგიას ყოველგვარი დაზგის გარეშე-მაგიდაზე და კუსტარული საჩეჩელით ასრულებს,ამბობს, რომ ეს შრომატევადია და არც ისე ადვილი-„ მატყლი თბილისიდან მომაქვს, სარეცხი საპონი და უამრავი წვრილმანია საჭირო, უნდა დაჩეჩო, ხელით დატკეპნო და ასე დაამზადო“,-გვიყვება და ამბობს, რომ ქუდებს ძირითადად შეკვეთით ასრულებს, მისი ნამზადი კი არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც გადის.
მზევინარ ლიპარტელიანი თითოეულ ქუდს თავისი ცხოვრების ისტორიას, ყოველდღიურობის სიმძიმეს და იმ დიდ ენერგიას აქსოვს, სვანური ტრადიციის გაგრძელების სურვილი რომ ჰქვია.
მარინე სვანიძე
https://fb.watch/3_1hFAGTdU/