„გატარებულია ყველა პრევენციული ღონისძიება“-ახალციხის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში 25-ვე საბავშვო ბაგა-ბაღმა სასწავლო პროცესი განაახლა. მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის ინფორმაციით, ონლაინ სწავლებას მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი აგრძელებს.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა სრული რეკომენდაციის დაცვით. გატარებულია ყველა პრევენციული ღონისძიება და მერიის დახმარებით ბაღები აღიჭურვა სპეციალური ნივთებით, რადგან მოხდეს დეზინფექცია. გადამზადდა ჩვენი პერსონალი, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ვატარებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებას, რადგან თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის საფრთხე. აქტივობაც მაღალია საბავშვო ბაღებში, თითქმის სრული შემადგენლობით განვაახლეთ მუშაობა“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ მარინა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ცნობისთვის, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.