ლაგოდეხის N 3-ე საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო პროცესი რეაბილიტირებულ შენობაში განახლდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 4 ჯგუფზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში განხორციელდა. ღირებულებამ კი, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში – 597 000 ლარი შეადგინა.
საბავშვო ბაღის გახსნას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კი 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს”,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარი დაიხარჯა.
“4 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რადგან თითოეული ბავშვისათვის კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნა ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტია” – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს სააღმზრდელო პროცესი, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში განახლდა, ისევე როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით.