ინფორმაცია რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ სიცრუეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, იმ დეპუტატებმა, რომლებზეც მედიით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, დატოვეს პარტია “მწვანეები” და არა – “ქართული ოცნება”.
“მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას დეპუტატები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მაჟორიტარი დეპუტატები გაბრიელ ღიბრაძე, ზაზა ზივზივაძე და დიმიტრი კიკნაველიძე საკრებულოში წარმოდგენილი იყვნენ ფრაქცია ,,ქართული ოცნება მწვანეების” სახით და მათივე განცხადების საფუძველზე დატოვეს პარტია ,,მწვანეები” და არა “ქართული ოცნება”. ისინი რეალურად არ წარმოადგენდნენ პარტია ქართულ ოცნებას. იყვნენ კოალიციაში შემავალი პარტიის ,,მწვანეების” წევრები. ასევე, 26 თებერვალს, პარასკევს საკრებულოს სხდომაზე, მათივე განცხედების საფუძველზე მოხდა ახალი ფრაქციის შექმნის დამტკიცება – სახელწოდებით “ქართული ოცნება – ბაღდათელები მომავლისათვის”, შესაბამისად აღნიშნული დეპუტატები ამჯერად ფრაქციას “ქართული ოცნება-ბაღდათელები მომავლისათვის” წარმოადგენენ”, – განაცხადეს საკრებულოში.