ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით სოფელ ნაგების, ბირლიკისა და ქალაქ გარდაბნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მოირწყვება.
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.