“აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო“ – რა სასიყვარულო ისტორია უკავშირდება ყველასთვის ცნობილ ფრაზას

“აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო”- ამ ცნობილი ფრაზის მიღმა ქუთაისელი აგრაფინა ჯაფარიძისა და გერმანელი პრინცის პიკანტური სასიყვარულო ისტორიაა.
როგორ დათმო თავადმა დადიანმა ცოლი ამის შესახებ მწერალი თემურ ამყოლაძე გვიამბობს.

აგრაფინა ჯაფარიძე 1855 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. აგრაფინას დედ-მამას კონსტანტინეს და მელანიას (ისიც ჯაფარიძე იყო) კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. კონსტანტინე 1860 ნელს 26 წლისა გარდაიცვალა და მელანია ქალიშვილებთან ერთად გადასახლდა ქუთაისში.
აქ ის 1864 წლის 2 ნოემბერს მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე.
აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს. როგორც “რეგიონულ კვირასთან” მწერალი თემურ ამყოლაძე ყვება,
21 წლის აგრაფინა თავადზე ტარიელ დადიანზე გათხოვდა, რომელსაც პირველი ცოლი სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და 4 შვილს ზრდიდა.
“აგრაფინას ბედი ძირეულად შეიცვალა 80-იანი წლების დამდეგს. ამ დროს ქუთაისში დაბანაკდა ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი ფლიგელ-ადიუტანტის პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით.
უცოლო პრინცი ოლდენბურგი ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე აგრაფინა ჯაფარიძით მოიხიბლა, Მაგრამ აგრაფინა დაოჯახებული ქალი იყო.
იმასაც ამბობენ, თითქოსდა დიდი თანხის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა, თუმცა სხვა ცნობებით ეს არ დასტურდება”, – გვიყვება მწერალი.
ქუთაისში იმ დროისთვის ათასი მითქმა-მოთქმა ჭორი გავრცელდა, თუმცა ჭეშმარიტება მაშინაც კი არავინ იცოდა. დადიანი საბოლოოდ დათანხმდა, გაშორებოდა ცოლს. პრინცმა აგრაფინა მალევე შეირთო ცოლად, რასაც ქალაქში დიდი მითქმა- მᲝთქმა მოჰყვა.
“პრინცი ქუთაისელი ქალბატონებისთვის სასურველი სიძე იყო, ამ პიკანტურმა სასიყვარულო ისტორიამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. იმდროინდელი გასათხოვარი ქალები მზად იყვნენ “ერთ კოვზ წყალში ჩაეხრჩოთ აგრაფინა”, – ამბობს თემურ ამყოლაძე.
ამის შემდეგ, ქალაქში გავრცელდა გაშარჟებული ლექსი “აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო”, – რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი, ოჯახთან ერთად, ქუთაისს 1896 წლის 19 ოქტომბერს გამოემშვიდობა. მანამდე 11 და 16 ოქტომბერს ქალაქის თავადაზნაურობამ და ქუთაისის ინტელიგენციამ მას გამოსათხოვარი საღამოები გაუმართეს. ერთ მათგანზე აკაკი წერეთელიც გამოსულა შთამბეჭდავი სიტყვით.
“აგრაფინა თან ახლდა ქმარს პეტერბურგშიც და პარიზშიც.
კონსტანტინე ოლდენბურგი საფრანგეთში 1906 წელს გარდაიცვალა და მისი ცხედარი პეტერბურგში დაკრძალეს. ამის შემდეგ აგრაფინა საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები ქუთაისში გაატარა”, – გვიყვება მწერალი.
აგრაფინა ჯაფარიძე 1926 წლის 18 ოქტომბერს, ფილტვების შეშუპებით გარდაცვლილა. არავინ იცის სად არის დაკრძალული, შესაძლოა მისი საფლავი რომელიმე ძველ სასაფლაოზე იყოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები