დმანისის მერი – აუდიტის ანგარიშზე: 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტში შევედით, სადაც სერიოზული ხარვეზები არ დაფიქსირებულა

10 საუკეთესო მუნიციპალიტეტში შევედით, სადაც სერიოზული ხარვეზები არ დაფიქსირებულა, – ასე გამოეხმაურა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2018-19 წლებში მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი დაფიქსირდა.

„10 საუკეთესო მუნიციპალიტეტში შევედით, სადაც სერიოზული ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ის, რაც არის, ესაა ტიპური ხარვეზები და მგონი, ყველა რეგიონში გვხვდება. არცერთი ხარვეზი ფიქსირდება აუდიტში მოუგვარებელი. იყო საუბარი საიჯარო ქირებზე დაბალი ფასი ღირდა და მე რომ მოვედი გაორმაგდა. პროკურატურაში გასაგზავნი თემები არ გვქონია. წყლის პროექტების დასრულების შემდეგ გადაეცით ლიცენზირებულ სუბიექტსო, გვითხრეს და ესეც რა თქმა უნდა, გაკეთდება. ავტოპარკზე 3 პერსონალური მანქანა უნდა იყოს, 8 გვყავს ჩვენ. ეს დადგენილება არ იყო სავალდებულო რეგიონებისთვის, ესაა მხოლოდ მთავრობისთვს“, – თქვა დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით,  გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები: ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები.
ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები – ანგარიშის მიხედვით, მერიის ზედამხედველობის სამსახური არ ახორციელებდა სწორად ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლს, რის გამოც 3 ხელშეკრულების შედეგად განხორციელებული, ჯამში მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება და მოკლე პერიოდში გაუარესებულიცაა.
ამასთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  ქონების განკარგვის პროცესში არსებული ხარვეზების გამო, დმანისის მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო საიჯარო შემოსავალი და საურავი 195.5 ათასი ლარის ოდენობით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ  დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით, სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები