ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღი სააღმზრდელო პროცესის განახლებას მომზადებული ხვდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის 15 ბაღი 1 მარტს მომზადებული ხვდება. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ყველა საბავშვო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ხსნარებით და იმ აქსესუარებითაა აღჭურვილი, რომელიც ვირუსის პრევენციისთვისაა საჭირო.

„ ჩვენ დიდი პაუზა უქმად არ დაგვიკარგავს, ბავშვთა კვებაზე ტენდერები გამოვაცხადეთ, გამარჯვებული კომპანია მზადაა საკვები ადგილზე მიტანით უზრუნველყოს. ამასთანავე, ბაღში დაცული იქნება დისტანცია, მოხდება თერმოსკრინინგი, გამოყოფილია დასაყოვნებელი სივრცეები და ბაღში მომუშავე  პერსონალს ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდებათ“,-განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.

1 მარტს სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული ხვდება ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებისთვის საჭირო ადაპტირებული გარემო უკვე სრულყოფილადაა მოწყობილი. ბაღის მედდა ელიკო ზურაბიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბაღში აღსაზრდელებს დიდი სიხარულით ელიან.

“როგორც იქნა დავუბრუნდით სამუშაოს, ძალიან გვიხარია, რომ აქაურობა კვლავ ახმიანდება. ჩვენ ყველა საჭირო ინვენტარით ვართ მომარაგებულები, გამოყოფილია საჭირო სივრცეები, ჩატარებულია დეზინფექცია“,-განაცხადა საბავშვო დაწესებულების მედდამ.
ცნობისათვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 15 ბაღია 267 აღსაზრდელით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები