ინფიცირების 270137 შემთხვევა, 264047 გამოჯანმრთელებული-საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად 1 წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. ვირუსი მას საზღვარზევე, ტესტირების შედეგად დაუდგინეს და სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

მალევე ხელისუფლებამ საზღვრების დაკეტვისა და პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გააქტიურდა ქუჩებისა და შენობების შიდა სივრცეების სადეზინფექციო სამუშაოები. დაიწყო მასობრივი საინფორმაციო კამპანია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რეკომენდაციების შესახებ, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისთვის, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ამოქმედდა მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდი stopcov.ge , რომელიც მოსახლეობას სანდო და საჭირო ინფორმაციას 24-საათიან რეჟიმში დღემდე აწვდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია ოფიციალურად, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

15 მარტს აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული კლინიკაში 14 მარტს შეიყვანეს. ბათუმის ლაბორატორიაში კვლევამ საეჭვო შედეგი აჩვენა, რის გამოც ანალიზი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში გადაიგზავნა.

ამასობაში საქართველოში ვირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 16 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება დატოვა პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. გამოჯანმრთელებული ის პირია, რომელიც 26 თებერვალს შემოვიდა ირანიდან. ამ დროს ქვეყანაში მხოლოდ 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო.

21 მარტს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

22-23 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა საქართველოში პირველი შიდა გადაცემის შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რასაც მოჰყვა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

30 მარტს გიორგი გახარიამ ქვეყანაში „ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი“ და „ფაქტობრივი კომენდანტის საათი“ გამოაცხადა.

30 მარტის შემდეგ შეზღუდვები რამდენჯერმე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე გამკაცრდა. ვირუსის გავრცელების დინამიკამ 2020 წლის ზაფხულში შედარებით იკლო, თუმცა მორიგი “ეპიდაფეთქება” საკურორტო ქალაქიდან, ბათუმიდან დაიწყო. გაჩნდა ახალი ე.წ საკონდიტრო დონას კლასტერი და კოვიდინფიცირების შენთხვევებმა იმატა. პარალელურად კოვიდტესტირებების მასშტაბებიც გაიზარდა. მოქალაქეებს ტესტის გაკეთება ქალაქის ქუჩებში ე.წ საველე კარვებშიც შეეძლოთ.

 

2020 წლის 26 თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელება სტატისტიკაში ასე გამოიყურება:

სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 270137 შემთხვევა.

კორონავირუსისგან 264047 ადამიანი განიკურნა.

ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ვირუსს 3 485 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, მიუხედავად სირთულეებისა, საქართველო კოვიდპანდემიას იმაზე უკეთ გაუმკლავდა ვიდრე ეს მსგავსი რესურსების ქვეყანას შეეძლო.

პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ევროპასა და ამერიკაში მეცნიერებმა კოვიდვაქცინის შექმნაც შეძლეს და რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელ კომპანიასთან მიმდინარეობს და მარტის თვეში უკვე იგეგმება მიზნობრივი ვაქცინაციის დაწყება. ეპიდემიოლოგების თქმით, მოსახლეობის 60% აცრის შემთხვევაში, რასაც დაემატება უკვე ვირუს გადატანილი 15%, უკვე შეიძლება ითქვას, რომ პანდემია ქვეყანაში დასრულებული იქნება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები