ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობის პრობლემებს მოისმენს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადიგენის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი , სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“Მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ამჯერად სოფელ მლაშეში, ლელოვანში, ფლატეში, არზნეში, ამხერში, ზარზმაში, უტყისუბანში, კახარეთში, ღორძესა და სამყურში გაიმართა”,-წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართება.