“პანდემია დასვენებაში ხელს არ გვიშლის”- რა შეიცვალა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაკურიანში

წელს ბაკურიანი უჩვეულოდ ცარიელია. ზამთრის ყველაზე პოპულარული კურორტი პანდემიის გამო, ხალხის სიმცირით გამოირჩევა, თუმცა როგორც “რეგიონულ კვირასთან” დამსვენებლები ამბობენ, გართობას მაინც ახერხებენ.

სოფიკო გაბოძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ბაკურიანს ესტუმრა. მისი თქმით, დროის გასატარებლად ბაკურიანში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ამასთან, ფაქტს, რომ დღეიდან კურორტებზე გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, დადებითად აფასებს.

“მეგობრები ჩამოვედით ბაკურიანში დასასვენებლად. წინა წელსაც ვიყავით და თითქმის არაფერია განსხვავებული. იგივე მდგომარეობაა რაც ადრე იყო. პანდემიამ დიდად არ იმოქმედა. ფასებიც არ შეცვლილა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მთავრობამ დროულად მოხსნა შეზღუდვები. ვცდილობთ, ისე გავერთოთ, რომ თან დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ერთი ცუდი ისაა, რომ 9 საათზე უკვე სახლში ვართ”,-განაცხადა სოფიკო გაბოძემ.

წლევანდელ სეზონს ბაკურიანში განსხვავებულად აფასებენ ისინი, ვინც მცირე ბიზნესით არიან დაკავებულნი. თენგიზ ოგანესიანი კურორტის ცენტრში თხილამურებს აქირავებს,  ამასთან გამოუცდელ დამსვენებელს სრიალსაც ასწავლის. როგორც ინსტრუქტორი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, წელს მისმა საქმიანობამ “უკან დაიხია”.

“წელს დიდი ჩავარდნა გვქონდა. ადრე თუ 10-დან 10 თხილამურს ვაქირავებდით, წელს ერთიც რომ გაგვექირავებინა გვიხაროდა. ვფიქრობ, შეზღუდვები აქამდეც უნდა მოხსნილიყო, რადგან არსებობა ჩვენც გვჭირდება. აღარც დამსვენებელია და აღარც ტურისტი”,-ამბობს თენგიზი.

ინსტრუქტორისგან განსხვავებული აზრი აქვს იური აკოფიანს, რომელიც კურორტზე თოვლმავალ ბორანებს აქირავებს.

“სიმართლე უნდა ვთქვა. სახელმწიფო მკაცრად არ აკონტროლებდა ჩვენს საქმიანობას, რადგან საშუალება გვქონოდა ოჯახები გვერჩინა. ამ შეზღუდვების მოხსნამდეც ქირავდებოდა ციგები, ცხენები, ბორანები. ერთადერთი რაც არ მუშაობდა იყო საბაგირო დ ეს არც დღეს გახსნილა. მადლობა მთავრობას, რომ დროულად და ეტაპობრივად მოხსნა შეზღუდვები”,- ამბობს აკოფიანი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ სასტუმროებს გახსნის უფლება მიეცათ. მისივე თქმით, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები