“ორი დღეა სროლების ხმა გვესმის” – დიდი ლიახვის ხეობაში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო წვრთნები განაახლეს
ოკუპირებული ძარწემის პოლიგონზე, დიდი ლიახვის ხეობაში რუსეთმა სამხედრო წვრთნები განაახლა.
როგორც “რეგიონულ კვირას” სოფელ ზემო ხვითის მცხოვრებმა განუცხადა, სროლების ხმა სოფელში პირველად ორი დღის წინ გაიგეს. უკანონო წვრთნებიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს განახლდა.
“ორი დღეა სროლის ხმებია, ალბათ ისევ წვრთნებს ატარებენ, ზუსტად არ ვიცით. უკვე მივეჩვიეთ, პირველად არ ხდება ეს, ხშირად არის. პატრულირება მიმდინარეობს ყოველ ნახევარ საათში. ხალხი უკვე იმდენად შეეჩვია ამ მდგომარეობას, აღარც ვაქცევთ ყურადღებას”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც ,,კვირას” სუს-ში განუცხადეს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები. აღნიშნულის შესახებ კი აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს.
უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას.
ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,”- აცხადებენ სუს-ში.